“საქართველო არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დადგა ფეხზე. მე აქ (პრეზიდენტის სასახლეში. ავტ.) იმიტომ არ ვარ, რომ ეს ჩვენ შევძელით და ფეხზე დავაყენეთ. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წლის შედეგების შეჯამებისას. პრინციპში, პრეზიდენტის ამ მოსაზრებას მომხრეებიც უხვად ეყოლება და მოწინააღმდეგეებიც. თუმცა ფაქტია, რომ 2009 წელს ჩვენს თავზე კვლავ არ დაფრინავდნენ რუსული ავიაგამანადგურებლები. სხვა წვრილ-წვრილი წარმატებები ამ პოზიტივთან მიმართებაში ვისთვის შესაძლოა წონადიც იყოს, ვისთვის კიდევ _ არაფრის მთქმელი. ამის მიუხედავად წელი მიილია.. ბევრი რამ გადავაფასეთ… შევაფასეთ და საფიქრალიც დაგვრჩა.
“ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. ომი და მის შემდგომი ოკუპაცია, უმძიმესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც გადაუარა მთელ მსოფოლიოს და რეგიონს და ასევე მრავალთვიანი შიდა პოლიტკური დესტაბილიზაცია. ჩვენ გაუძელით ერთსაც და მეორესაც”, – აცხადებს პრეზიდენტი.
ქვეყნის პირველი პირის გამონათქვამთან დაკავშირებით პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას თითქმის არ უგვრძნია, ხოლო საპროტესტო აქციებისას მოსახლეობამ ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა.
“პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მდგომარეობა იდეალურია. მან თქვა, რომ უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს უარესი რამ არ მოხდა. სააკაშვილმა ამასთან მიმართებაში აღნიშნა ხალხის ღვაწლი. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრ ქვეყანას მძიმედ გადაუარა. ჩვენ ეს პროცესი თითქმის არ გვიგრძვნია. მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ისეთი სურათი, რომელიც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში იყო, არ შექმნილა. რაც შეეხება შიდა დესტაბილიზაციას, აქ მოსახლეობამ ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა, რომ პროტესტი დესტაბილიზაციაში და სახელმწიფო კრიზისში არ გადაზრდილიყო. ამაში ოპოზიციასაც აქვს დამსახურება, რადგან ოპოზიციამ საპროტესტო განწყობას არ მისცა რადიკალური ხასიათი”, _ განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” რამაზ საყვარელიძემ.
დიახ, 2009 წელი რთული იყო 2007-ზე, როდესაც პრეზიდენტმა 7 ნოემბრის აქციის დარბევით უდიდესი დარტყმა მიაყენა საკუთარ ავტორიტეტს. რთული იყო 2008 წელზეც, როდესაც რუსეთის აგრესიის პირობებში ქვეყნისთვის გამოხატული მხარდაჭერის პარალელურად მსოფლიო მოიარა, პრეზიდენტის ადამიანიური სისუსტის გამომხატველმა კადრებმა (ჰალსტუხი და გაქცევა). ამის შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო ჰქონოდა დაკარგული ტერიტორიებიც და ჰყოლოდა ბრძოლის ველიდან გაქცეული მთავარსარდალი. ამიტომ პრეზიდენტს და მის მოხრეებს არც უნდა გაკვირვებოდათ, თუნდაც ამ გარემოების გამო გაბრაზებული ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის არსებობა და სხვადასხვა სახით გამოხატული პროტესტი.
სწორედ პროტესტის შედეგად, ლამის სასახლის გარეშე დარჩენილმა პრეზიდენტმა თანდათანობით იმდენად დააკნინა საკუთარი ოპონენტების სახე, ისე დაშალა ერთ მუშტად შეკრული _ “მონოლითური” ოპოზიცის რიგები, რომ მისი გადადგომის მომთხოვნი პოლიტიკოსებიდან ზოგი ლამის მთავრობაში აღმოჩნდა, ზოგიერთის გამოჩენამ კი სამთავრობო დაწესებულებების დერეფნებში ამ უწყებების აპარატის თანაშრომელებს ავი სულის მოჩვნებისას წარმოსათქმელი ფრაზები აყრევინა ბაგეთაგან _ “ფუი ეშმაკს… ფუი ეშმაკს…”…. თუმცა, ადამიანი ავ სულსაც გუობს ალბათ და როგორც კულუარებიდან ჟონავს _ მავანთა ღამეული თანაცხოვრება დუღს და გადმოდუღს.
ოპოიზცია ხშირად აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა არასწორი მეთოდებით ითამაშა, ხელების გადაგრეხვა დაიწყო და ასე შემდეგ. მაგრამ ამ მოსაზრებების ავტორებს ავიწყდებათ, რომ არც ერთი ხელისუფლება, ძალაუფლებას ჰარი-ჰარალოდ არ დათმობს. თუმცა ისიც რეალობაა, რომ ოპოზიციამ დაარღვია ბუნების კანონი _ წარმოქმნა ძალა, მიიღო წინააღმდეგობა და საპასუხო წინააღმდეგობის არც ძალა აღმოაჩნდა და არც მარიფათი.
უფრო მეტიც, “საკნები “ფე-ეს-ბე”-დან გამოგზავნილი სცენარი იყო და ეს დადასტურებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა და ისიც განმარტა, რომ “ჩვენ გვერდზე გავდექით და ქართულ საზოგადოებას, რომელიც ომისგან იყო ტრავმირებული, გადაწყვეტილების მიღების საშუალება მივეცით. აქციები სინამდვილეში საზოგადოებამ დაშალა და გონიერებისკენ მოუწოდა. საბედნიეროდ, ვერ განახორციელეს პროექტი “თბილისი მკვდარი ქალაქი” და ვერც ვერასდროს განახორციელებენ~. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენელთა და თვით პრეზიდენტის განცხადება, რიგი ქართველი პოლიტიკოსის კრემლთან კუსკუსის შესახებ.
სამწუხაროა, რომ არავის გაუჩნდა სურვილი “ეფ-ეს-ბე”-სთან კავშირის არგუმენტირებულად უარყოფის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საზოგადოების ნიჰილიზმს მთელი რიგი ოპოზიციური ძალის მიმართ. უფრო მეტიც, ისიც ხომ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის არც თუ უმნიშვნელო ნაწილი იღლიაში ამოიჩრა და პრეზიდენტის ტრიბუნის არ იყოს იქ “ამაგრებს” სადაც მოისურვებს.
~ბოლო პერიოდში ბევრად მეტ დროს ვატარებ ოპოზიციასთან, ვიდრე უმრავლესობასთან და ეს ძალიან სასარგებლოა. უშიშროების სხდომაზე, პრაქტიკულად ყველა მოვიდა. პრაქტიკულად ყველა სერიოზულმა ძალამ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ? ესე იგი უღირთ მონაწილეობა და იმიტომ~, – აცხადებს პრეზიდენტი და მავანთა პოზიორობაზე საუბრით ოპოზიციონერთა არც თუ უმნიშვნელო ნაწილის სიკეკლუცეს უსვამს ხაზს.
არც ამ გამონათქვამს მოჰყოლია რაიმე სახის შეფასება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ რომ პრეზიდენტი მართალია და იმაზე ბევრად ცოტას ამბობს, რაც მისთვისაა ცნობილი.
თუმცა, რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების “სიამტკბილობას” ხელისუფლებასთან თავისებურ ახსნას უძებნის.
“ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია. შესაძლოა, მათთვის მოუღებელი იყოს ის საარჩევნო კოდექსი, რომლის პირობებშიც მათ მოუწევთ საარჩევნო პროცესში ჩართვა, თუმცა რომც არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გამოიძებნება ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და საერთაშორისო საზოგადოების თვალში მრავალპარტიულობის სურათი მაინც დაიხატება. ამიტომ, პროტესტის მიუხედავად, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც უწევს. გაბუტვა პოლიტიკას არ უყვარს. თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდება და მოხდება ამ ძალების მარგინალიზაცია”, _ აცხადებს საყვარელიძე.
ისე, არც იმის პროგნოზირებაა ძნელი, რომ უახლოეს მომავალში უფრო სწორად, ადგილობრივი არჩევნების მეორე-მესამე დღეს, ჩვენი ოპოზიციის არც თუ უმნიშვნელო სახეები კიდევ ერთხელ დაიწყებენ საუბარს გაყალბებულ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ მოუხმობენ ქუდზე კაცს, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მიშამ არჩევნები ძალიან ადრე დაიწყო და სახელისუფლებო რესურსს იყენებდა და ა. შ.
კი მაგრამ მერამდენედ ერთი და იგივე? როგორც ხალში იტყვიან, ებრაელის დაწყევლილივით არის ჩვენი ოპოზიცია _ არც თავად იცის და არც სხვისგან უნდა რამე ისწავლოს. ისე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ მრავალი მათგანი რაღაც დრომდე პრეზიდენტის კალთაში მშვენივრად გრძნოდა თავს. მაგრამ მისგან ვერც შემართება ისწავლა, ვერც პოლიტიკური პაექრობის ანა-ბანა.
პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალ-ყურს იმასაც შევნიშნავთ, რომ არავითარი ქილიკი და საძრახისი განცხადებები არც შალვა ნათელაშვილის და არც ნინო ბურჯანაძის მიმართ არ ისმის. არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ან ერთი ეხატება გულზე ან მეორე. ალბათ იმიტომ, რომ არსებობს მოწინააღმდეგის მიმართ ღირსებით განმსჭვალვის მომენტები. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ეს მდუმარება იდილიაში გადაიზარდოს _ პოლიტიკა ვერ გუობს ოპონენტების მიმართ კეთილგანწყობას. მაგრამ ეს საკმაოდ ნიშანდობლივი ფაქტორია და პრეზიდენტის ღირსებას არამც თუ აკნინებს, არამედ პირიქით.
და მაინც, კიდევ ერთხელ, ვინ იცის მერამდენედ გავიმეორებ, რომ სხვა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ფაქტორთან ერთად რასაც პრეზიდენტს ვედავებოდი იყო მის მიერ აგვისტოს შემდეგ არ თქმული ფრაზა _ “მე გადავდექი!”. სამწუხაროდ ვლადიმერ პუტინისთვის ზურაბ ნოღაიდელის მიერ არ თქმული ფრაზის შემდეგ _ “რა ეშველება ჩემს სამშობლოს” _ დავრწმუნდი, რომ ჩემი ქვეყნის დამარცხებული მთავარსარდალი მირჩევნია პიერ კარდენის კოსტიუმში გამოპრანჭულ ექს-პრემიერს. უფრო მეტიც, პუტინიც კი პატივსცემას იმსახურებს როგორც საკუთარი “დერჟავის” ინტერესების დამცველი, ვიდრე ქართველი გლეხების ბედზე მომტირალი ქართველი პოლიტიკანები.
“რა ეშველება ჩემს სამშობლოს?” _ ამ ან ამდაგვარი შინაარსის კითხვის არ დასმა ნებისმიერი რუსი მოხელისთვის ნებისმიერი ქართველის და მით უფრო, პოლიტიკოსების მხრიდან არსებული რეალობის შეგუებასთან უტყუარ თანხმობას ნიშნავს. ეს კითხვა იმიტომაც უნდა დაისვას, რომ ქართული სახელმწიფოს თითოეულმა მოქალაქემ და საერთაშორისო თანამეგობრობამაც ღიად იცოდეს სამომავლოდ რა ზრახვები აქვს კრემლს თბილისთან მიმართებაში. უფრო მეტიც, განიხილავს მას მხოლოდ როგორც ბაღ-ბოსტანს, საიდანაც სარვამარტო ყვავილები, ხილი და ბოსტნეული სჭირდება და ჩვენივე ღვინით ხელში უნდა გვაგინოს დედა, თუ ეს ურთიერთოებები რაიმე სახის პოზიტივის შესაქმენელად არის საჭირო, რაც ნამდვილად მეეჭვება.
უკვე გავიგეთ, რომ რუსეთის პოლიტისტებლიშმენეტს საქართველო უყვარს, მაგრამ ქართველების გარეშე. დიახ, უყვართ და სწადიათ ჩვენი მიწა-წყალი _ საქართველო, როგორც გეოგრაფიული ერთეული. მათ ხომ სწორედ ასევე უყვართ აფხაზეთი, რომელიც ამჟამდ ნაურუს მიერ აღიარებული რუსეთის “დამოუკიდებელი” პროვინციაა.
პრეზიდეტმა ნოღაიდელის ქმედებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი იმაზე უფრო დაბლა დაეშვა ვიდრე ამის წარმოადგენა შესაძლებელი იყო.
რუსეთთან საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებების თვალსაზრისითაც თუ ვიტყვით ორიოდ სიტყვას, არც იმის აღნიშნვას უნდა მოვერიდოთ, რომ ბებერი ევროპის რიგი სახელმწიფო, ზამთარში კრემლთან ერთად წევს, გააფხულზე უმანკო სახით შემოგვციცინებს, ზაფხულს კანის გადაჭიმვასა და გარუჯვას ანდომებს, ხოლო შემოდგომას მაკიაჟს _ ისევ კრემლის საწოლში ჩასაგორებლად.
უფრო მეტიც, ჯორჯ ბუშის მიერ გაჩაღებულმა ცხელმა წერტილებმა ობამას, რომ დასწვა თითები ესეც აშკარაა და “გარუჯული ბიჭის” გადაწყვეტილება აშშ-ევროპის ტანგოში მესამე სუბიექტად კრემლი შემოიყვანოს, შესაძლოა, სულაც არაა ვაშინგტონის სასურველი გადაწყვეტილება, მაგრამ არის ის რეალობა, რომელსაც ვერც თავად გაექცევა ვერსად და რომლისთვისაც თვალის გასწორება ჩვენც მოგვიწევს.
თუმცა, სულაც არაა გამორიცხული ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონსაც და ევროპასაც ძალიან ძვირად დაუჯდეს, იმაზე უფრო ძვირად ვიდრე თავის დროზე წახალისებული ჰუსეინი, შემგომ გამოძერწილი ბენ-ლადენი და ა.შ. მაგრამ ეს ცალკე განსჯის საგანია.
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებას კარგია ეს თუ ცუდი, რეალურად სხვა არაფერი დარჩენია, რომ საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე “იძულების” ტაქტიკით იმოქმედოს და ამაში არაფერია სათაკილო _ თუ ვერ გამჩნევენ იმდენი უნდა მოახერხო რომ შეგამჩნიონ და გაღიარონ.
სხვამ ვერავინ, ვერც სალომე ზურაბიშვილმა თავისი დიპლომატიური გამოცდილებით, ვერც ნინო ბურჯანაძემ თავისი ექს-სტატუსებით, ვერც ალასანიამ გაეროში აღჭურვლი პოლიტ-დიპლომატიური ეტიკეტით ვერ შესძლეს ამ ფრონტზე ქვეყნისთვის სასურველი შედეგების მიღწევა. შესაბამისად, მინიმალური მაგრამ ქვეყნისთვის აუცლებელი საგარეო სტაბილურობა ისევ და ისევ სააკაშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა.
თუ საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ 2009 წელს ვერც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესძლო სასურველი შედეგის მიღწევა.
“თუ ერთ მხარედ მიხეილ სააკაშვილს განვიხილავთ, მეორე მხარედ _ აპრილის აქციებში მონაწილე ოპოზიციას, ბრძოლა მიმდინარეობდა ხელისუფლების შეცვლაზე. სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, ოპოზიციამ ვერ მოახერხა მისი შეცვლა. ამ თვალსაზრისით ოპოზიციამ წააგო. მოიგო თუ არა ხელისუფლებამ, ეს კიდევ საკითხავია. უშედეგო არ იყო ეს პროცესი, თუმცა მან ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც უმიზნებდა. ოპოზიციამ მოიგო მეტი ანგარიშგაწევა მის მიმართ, თუმცა არა იმდენად ოპოზიციამ, რამდენადაც ხალხმა”, – აცხადებს “რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყოველივეს შედეგად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ხალხი არ გააღიზიანოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები _ “ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ ყურადღებიანობა უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო აპრილის აქციებამდე. ეს საზოგადოების მოგებად შეიძლება ჩაითვალოს”,
ზედმეტი განვრცობის გარეშე, აქვე იმის აღიარებასც მოგვიწევს, რომ ვერც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თუ ნინო ბურჯანაძის მიერ ოპოზიციაში ადგილის დამკვიდრებას(?!) არ ჩავთვლით, ვერ შესძლო დასახული ამოცანის შესრულება. თუმცა იმავე ბურჯანაძისთვის წლის ამოცანა სულაც არ ყოფილა მხოლოდ თვითდამკვიდრება ოპოზიციურ ნიშაში, მას ბევრად სხვა სიმაღლეების დალაშქვრის სურვილი ჰქონდა. არც შალვა ნათელაშვილისთვის, ახალი არაფერი შეუთავაზებია საზოგადოებისთვის გარდა საკუთარი თანმიმდევრულობისა.. რაც შეეხება ალასანიას, აქ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ყოფილი ელჩი იმ მეტეორიტს ემგავსება, რომელმაც დიდი ხანია ჩაუქროლა დედამიწას და ორბიტაზე კვლავ დაბრუნებდამდე, თუ ასეთი რამ ვარსკვლავების მოძრაობის კანონზომიერებაში ხდება, მხოლოდ მიხეილ ცაგარელს უადვილებს ცხოვრებას და პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ვერც სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აპრილის აქციებისა და ოპოიზციის ერთიანობის სულისჩამდგმელი იყო, არსებული რეალობის გათვალისწინებით წელი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.
რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, მან მიმდინარე წელს საოზგადოების მეხსიერებაში კვალი უფრორიგ როგორც კარგმა რიტორმა დატოვა, ვიდრე წარმატებულმა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება “კინაღამ” საქართველოს პრეზიდენტს ლევენ გაჩეჩილაძეს, მან თავად განაცხადა პოლიტიკისობაზე უარი და ძმები გაჩეჩილაძეების 2009 წლის მონაგარი ვერანაირად ვერ განიხილება პოლიტიკურ ჭრილში.
სხვა პოლიტიკურ ძალებსა და პერსონებსად 2009 წლის მიღწევებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი აქვთ დასაკვეხნი.
პრეზიდენტმა წელი შეაჯამა და პოლიტპერსონების პოლიტქმედებებისა და მათ მიერ დაულაშქრავი მწვერვალების ცქერით თვალები, რომ არ გადავიღალოთ დავეთანხმოთ მიხეილ სააკაშვილს _ “საქართველო არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დადგა ფეხზე. მე აქ (პრეზიდენტის სასახლეში. ავტ.) იმიტომ არ ვარ, რომ ეს ჩვენ შევძელით და ფეხზე დავაყენეთ. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა” და იმედი დავიტოვოთ, რომ 2010 წლისთვის ქართველ ხალხთან ერთად ქვეყანაც გაიმარჯვებს.
ავტორი: გოჩა მირცხულავა
წყარო: www.ghn.ge
Filed under: პოლიტიკა, საკითხავი Tagged: | 2009, 7, ანალიტიკა, აქცია, ბესელია, ბურჯანაძე, გოჩა, ეკა, ზურაბ, ზურაბიშვილი, მირცხულავა, მიხეილ, ნათელაშვილი, ნინო, ნოემბერი, ნოღაიდელი, ოპოზიცია, პოლიტიკა, პოლიტოლოგი, პრეზიდენტი, რამაზ, სააკაშვილი, საკანი, სალომე, საპროტესტო, საქართველო, საყვარელიძე, შალვა, შეფასება, GHN











